ირაკლი ღარიბაშვილის ორგზის გაპრემიერებაზე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას გაითვალისწინებდა. მან ამ, და სხვა საკითხებზე გადაცემა „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ზოგადად, მსოფლიოში და საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდია. საერთოდ, ცხოვრებაში შანსი მეორედ იშვიათად ეძლევა ადამიანს - ირაკლი ღარიბაშვილი, ამ მხრივ, იღბლიანია. იმედს ვიტოვებ, რომ ის გაითვალისწინებს თავისი პირველი პრემიერობის პერიოდს, ასევე, ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ მდგომარეობას. ჩვენ თითქმის 3 კრიზისი გვაქვს ერთდროულად: პირველი უკავშირდება პანდემიას, კოვიდთან ბრძოლა არ დასრულებულა. ეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია ეკონომიკურ კრიზისთან, რომელშიც ჩვენ ჯერ კიდევ ახლა შევდივართ და ახლა ვიგრძნობთ ამის შედეგებს. მესამე კი, ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ ეს ყველაფერი პოზიტიურად გამოიყენოს და თითოეული გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის როლია, რომ გახლეჩილი საზოგადოება მაქსიმალურად გააერთიანოს; ამისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტემბრიც, ტონიც, საუბარიც, მიმართვაც. უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს - როგორ შეგვიძლია ეს ქვეყანა გადავარჩინოთ ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი გიორგი გახარიას საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს თუ პროექტებს ვერ იხსენებს.
„გიორგი გახარიას 8 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა - ის იყო ბიზნესმბუდსმენი, იყო ეკონომიკის მინისტრი, იყო შს მინისტრი და ვიცე-პრემიერი და ბოლოს მთავრობის მეთაური. დასანანია, ასეთ შემთხვევაში, არ გახსენდებოდეს კონკრეტული რეფორმა ან მის პერიოდში განხორციელებული პროექტი, არ მახსენდება არც ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარია განხორციელება და არა იდეა“, - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს განხორციელებული პროექტების თუ რეფორმების შეხსენება მან სოციალურ ქსელშიც ითხოვა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, პასუხი ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლიდერი ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.