საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეშვეობით, 2 500 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა მოცვის კულტურა. მისივე თქმით, მომავალ წლებში საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 20-25 000 ტონას შეადგენს.
ამასთან, როგორც შამუგიამ აღნიშნა, მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 3 000 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით აღემატება.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი, რაც დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდება. მოგეხსენებათ, კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, შექმნან სამაცივრე მეურნეობები, სადაც შეინახავენ მოსავალს და შემდეგ ეტაპობრივად მოახდენენ მის რეალიზაციას. ვფიქრობ, ეს პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა შედარებით მცირე და საშუალო ფერმერებისათვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. დაფინანსდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის პროდუქციის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივრები. ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე თანადაფინანსება განისაზღვრა შესანახი მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამერნეო კოოპერატივს ან/და მის არანაკლებ ხუთ მეპაიეს, სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, ერთ მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს ბაღი არანაკლებ ათ ჰექტარზე უნდა ჰქონდეს გაშენებული.