ქართულ პროდუქტს კორეის რესპუბლიკის სახიტ დამატებით კიდევ ერთი დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზარი ეხსნება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც არველაზე ამბობს, კორეის რესპუბლიკასთან სულ რაღაც წინა კვირას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი დაიწყო,
კორეელ კოლეგებთან ერთად უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და გაიწერა სამოქმედო გეგმა. კვლევა კი 2021 წლის ივლისში დასრულდება.
"კორეის რესპუბლიკას პროდუქციის 85%-ზე დაწესებული აქვს იმპორტის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ამდენად, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის;
თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისა და იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციის შედეგად, ქართულ საექსპორტო პროდუქციას დამატებით გაეხსნება 52 მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი;
ასევე მინდა გითხრათ, რომ კორეა ახორციელებს ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც საქართველოში კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ძირითად საექსპორტო პოზიციებს წარმოადგენს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან გამოვყოფდი თხილს, ხილის ჩირს, ჩაის, მშრალ სანელებლებს, ხილის ჯემებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს და წვენებს, მინერალურ წყალს, ღვინოს, ლუდს და სხვ. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას, კორეის ბაზარზე შესაძლებელია განვახორციელოთ ისეთი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ფეროშენადნობი, მინის პროდუქცია და კონტეინერები, ელექტრო კაბელები და ა.შ.;
გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კვლევის შედეგები არ არის ცნობილი, დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. წარმატებები საქართველო", - წერს საკუთარ სოციალურ ვებ-გვერდზე გენადი არველაძე.