ასეთი პროექტები ყოველთვის მგრძნობიარეა - დიალოგის კარგი პლატფორმის გამოძებნა აუცილებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ამით კარლ ჰარცელმა უპასუხა შეკითხვას, რას იტყვის ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე, რომ სახელმწიფო მზადაა, აქტივისტებთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს კომუნიკაცია, მათ შორის - ევროკავშირის მედიაციითაც და როგორ ჩაერთვება პროცესში ევროკავშირი.
„ასეთი პროექტები ყოველთვის მგრძნობიარეა. როგორც ევროკავშირი, ამ ჰესში პირდაპირ არ ვმონაწილეობთ, ამიტომაც, არ ვფლობთ სრულ სურათს, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის პოზიცია, რომ იმ ფონზე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ვიხილეთ, დიალოგის კარგი პლატფორმის გამოძებნა აუცილებელია. სწორედ ამას ვემხრობით, რომ იმის უზრუნველყოფა მოხდეს, რომ მსგავსი პროექტები მაქსიმალურ ნდობას იმსახურებს და, საბოლოო ჯამში, მათი განხორციელება სწორი არჩევანია.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გარემოზე ზემოქმედების და სოციალური ზემოქმედების საფუძვლიანი შესწავლა ჩატარდეს. ვფიქრობ, შეიძლება, ამასთან მიბრუნება და გადახედვა იყოს საჭირო. ევროპული ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს ჩართულობა, რომელმაც ჩამოსვლისა და მხარეებს შორის მოლაპარაკებებისთვის შუამავლობისა ან მედიაციის შეთავაზება გააკეთა, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რადგან ვფიქრობ, ეს შესაბამისი ორგანოა, რომელსაც ამის განხორციელება შეუძლია - ერთი მხრივ, ტექნიკური ცოდნის, მეორე მხრივ კი, იმის გამო, რომ ასეთი ორგანო ამ განხილვაში დამოუკიდებელ მხარედ უნდა ჩაითვალოს. რამდენადაც შემიძლია გითხრათ, სამდივნოს როლს სხვადასხვა მხარე სწორედ ასე ხედავს“, - აღნიშნა ელჩმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"