ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტზე იმსჯელა, რომლის მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად იზრდება.
„431 მილიონი ლარით იზრდება ჯამში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, საიდანაც უდიდესი თანხა – 250 მილიონი ლარი მიემართება ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით ასიგნებებში. საბოლოოდ წლეულს 7 მილიარდ 108 მილიონი ლარი იქნება ჯამში სამინისტროს დაფინანსება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის მიმოხილვა.
მომხსენებელმა სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადი ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთხით სხვადასხვა მიმართულებათა დაფინანსებაზე გაამახვილა.
მისი ინფორმაციით, დამატებითი თანხები ნაწილდება შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: პენსიების ნაწილში 75 მილიონი ლარის დამატება ხდება ასაკით პენსიონერების საპენსიო გასაცემლის დასაფინანსებლად, დამატებითი თანხების საჭიროება გახდა ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის გამო, ვინაიდან უფრო მეტად არის ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილი ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო ბიუჯეტის ფორმირებისას.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობა 806 ათასამდე ბენეფიციარს შეადგენდა და წინა წლების მსგავსად გაანგარიშება გაკეთებული იყო ბენეფიციართა რაოდენობის 15 ათასით ზრდაზე. თუმცა, აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა ზრდამ უკვე 20 ათასს გადააჭარბა და, შესაბამისად, წლის ბოლომდე პენსიების შეუფერხებლად დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებითი ასიგნებები.
მისივე თქმით, 30 მლნ ლარი მიიმართება მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად, 8 მლნ ლარი – მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად, 17 მლნ ლარი – საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად.
დამატებით 120 მლნ გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, რომელთა შორის გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯები. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს წლის ბოლომდე უწყებების იმ საჭიროებებს, რაც აქვთ მათ მიმდინარე წლის განმავლობაში.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექვსი თვის გეგმა შესრულებულია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში, მინიმუმამდეა დაყვანილი ინფლაცია და რაც მე მიმაჩნია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არის 17%-იანი სახელფასო ზრდა, რამაც თავისთავად შემოსავლებიც გაზარდა სახელმწიფოში“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს, ხოლო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.