„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.
საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში ტურისტული შემოდინებები და გზავნილები მზარდ დინამიკას აჩვენებს.
„ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო. ძალზე ძლიერია ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, განსხვავებით მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილების სტატისტიკისაგან, გასულ წელთან შედარებით მზარდ დინამიკას აჩვენებს.
პირველი კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება.
ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, საბაზო სცენარი უფრო ნეიტრალურია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.