ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე სურვილი, ოთხი დღის განმავლობაში უკვე 1132 ადამიანმა გამოთქვა. ამის შესახებ BUSINESS TIME-ს დასაქმების სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 12 აპრილს ისრაელში დასაქმებისთვის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეები რეგისტრაცია დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილების კვოტას - 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს 1000 მოქალაქის ისრაელში დასაქმება.
უწყების ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
ცნობისთვის, დასაქმების მსურველი მინიმუმ საშუალო სკოლადამთავრებული უნდა იყოს. ასევე, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
დასაქმების მსურველი ინგლისურს და/ან რუსულ ენას საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს. ასევე, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება ასაკს - 25-დან 45 წლამდე განისაზღვრა. საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში, თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5300 შეკელს მიიღებენ.