ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში, მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.
„შვიდწლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არცერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.