janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.6% შეადგინა, -ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.6% შეადგინა.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 49%-სა და 45.8%-ს შეადგენს.

2026 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.8% შეადგინა.

2026 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.8%-სა და 14%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის მე-3 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.1%-ს, ხოლო კაცებში 66.5%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

2026 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

103