
2025 წლის იანვარში საქართველოს რკინიგზამ 1.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ტვირთბრუნვის წლიური მატება 14%-ია. ამასთან, სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი 30%-ით და საკონტეინერო გადაზიდვებიდან 37%-ით გაიზარდა. თუმცა რკინიგზის გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არაა თანხობრივად რა მაჩვენებლები დაფიქსირდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ იანვარში ტვირთების გადაზიდვების სტატისტიკა ბოლო ათი წლის მაქსიმუმზეა.
გრაფიკის მიხედვით, იანვარში ნავთობპროდუქტების გადაზიდვები 21%-ით, ქიმიკატების - 35%-ით, მშრალი ტვირთების კი 70%-ით გაიზარდა.
ფინანსური მიმართულებით ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ 2024 წლის 9 თვის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალმა 490 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9 მილიონი ლარით არის გაზრდილი.