სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 950.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 803.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 12.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 2 146.8 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 1.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, 1 343.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 471.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 410.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 221.7 მლნ. აშშ დოლარით.