წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 228.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 პროცენტით მეტია, საიდანაც ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია).
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, 6 136.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა და უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (607.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (541.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (530.3 მლნ. აშშ დოლარი).
„2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 916.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 416.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (921.0 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 295.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 946.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 528.4 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 842.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 661.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 447.7 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 222.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 136.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 623.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.