სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 502.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 18.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 19.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 356.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 194.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 059.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 623.3 მლნ. აშშ დოლარით.