სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების ოდენობა 13.5%-ით გაიზარდა, რაც 2 492 დეკლარირებულ ნებართვას მოიცავს.
საუბარია, 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი).
ნებართვების 74.3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% მოდის თბილისზე, 10.8% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6% - კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2 პროცენტით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39% მოდის თბილისზე, 14.6% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7% - კახეთის რეგიონზე და 9.3% - იმერეთის რეგიონზე.