სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერები გამოსცა 3 პირისთვის, მათ შორისაა, გამოძიების პერიოდში:
გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი;
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი;
ცხინვალის ნრეგიონის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევი.
მეოთხე ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც იმ დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო, გარდაცვლილია.
პროკურორის შეფასებით, ეს პირები, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ ომის დანაშაულების ჩადენაში: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მძევლად ხელში ჩაგდება, იძულებითი გადაადგილება.
"ჩემი განაცხადი დაკავების ორდერებზე კონკრეტულად ეხება უკანონო პატიმრობას, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას", - წერია ჰააგის პროკურორის განცხადებაში.
როგორც პროკურორი აღწერს, აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დაკავება, რომლებსაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
"მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარულ და სახიფათო პირობებში. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ".
პროკურორი წერს, რომ მისმა ოფისმა უკრაინაში არსებული სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს, ქცევის მსგავსი სქემები დაადგინა.