უკვე გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ბიზნესშია წარმოდგენილი და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, განხორციელდება ის მიზნობრივი ინვესტიციები, რაც საჭიროა წყალტუბოს გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევად.
„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები კატარულ საინვესტიციო ჯგუფთან „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელიც საზოგადოებამ მიმდინარე წლის განმავლობაში გაიგო. ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია, არაერთი შეხვედრა ბიზნესთან, მათ შორის აუქციონზე იყო გამოტანილი ობიექტები, რომლებიც, სახელმწიფოსთან ერთად, შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ ბიზნესს. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა, რეალიზაცია მოხდა და მოხდა საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც თვითონ სასტუმროს ბიზნესშია წარმოდგენილი და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“, რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას.
იქნება როგორც სამ, ოთხ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანწილად წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები, იმ კვლევისა და შესწავლების შესაბამისად, რაც ჩვენ კოლიაჟთან ერთად გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც გვჭირდებოდა წყალტუბოს გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, საპრივატიზაციო თანხა 12 მილიონს შეადგენს.
„იცით, მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ის, რომ სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა. დღეს ეს წყლები ხელმისაწვდომია, როგორც კერძო პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია, უბრალოდ მომსახურება მიიღოს წყალტუბოში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო საქმიანობა, ასევე ყველა იმ დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და ამ მართლაც გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში და იყო საკმაოდ პოპულარული. ასე რომ, აქაც ჩვენი ხუთი ობიექტის რეალიზაცია განვახორციელეთ და ეს იქნება მინიმუმი. საპრივატიზაციო თანხა არის 12 მილიონი, 35 მილიონამდე საინვესტიციო ვალდებულებები. დამატებით, რა თქმა უნდა, გეგმაში არის, რომ, სულ მცირე, ვალდებულებებზე მეტს კომპანია, ინვესტორი განახორციელებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.