პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თელავის აეროდრომზე ინფრასტრუქტურა განახლდება და აეროპორტი შიდა ფრენების მიღებას შეძლებს. პრემიერის თქმითვე, თელავის აეროპორტით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები.
“მოგეხსენებათ, რომ თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი აეროპორტი, თელავის აეროპორტი. პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ პირველი მგზავრი მიიღოს 2024 წლის მაის-ივნისში. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25-30 მლნ ლარი.
მთავარი იდეაა, რომ სრულიად განვაახლებთ და 1700 მეტრამდე დაგრძელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყოს თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, მთლიანად განახლდეს ინფრასტრუქტურა და შეიქმნას ახალი საპარკინგე ადგილები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებსაც ექნებათ შესაძლებლობა კომფორტულად გადაადგილდნენ და იფრინონ ბათუმი, მესტიისა თუ ამბროლაურის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება და ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას და ჯამში ქვეყანაში 6 თანამედროვე აეროპორტი ექნება”,- ამბობს ღარიბაშვილი.