შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს. ასევე მინდა, გამოვყო, აბასთუმანი, სადაც პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობები არ იყო და მათი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები საქმიანობას სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებში შეუდგნენ. ასევე ახალი შენობა აშენდა კასპშიც“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გომელაურმა აქვე აღნიშნა, რომ საპოლიციო სერვისების გაუმჯობესების კუთხით გასულ წელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთიანი მომსახურების ცენტრის ბათუმის ფილიალი გაიხსნა, სადაც მოქალაქეები 50-მდე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ სრულად გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობა. 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.