გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან. ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს განუცხადა.
“ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეტა დამატებითი განცხადება, რასაც მეც ვეთანხმები, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში”, - განაცხადა ფხაკაძემ.
“მეგი ბაქრაძე არ იყო ვაქცინის მსხვერპლი, ის არის სისტემის მსხვერპლი. ეს არის ჯანდაცვის სისტემის აფსოლიტური კრახი ყველა მიმართულებით, რომელიც არის არაფროფესიონალური , კორუფციული და მოუმზადებელი თავისი ვერტიკალებით და ა.შ. ეს არის ბოლო 20 წელი ჩვენი ჯანდაცვის სისტემის განადგურების შედეგი. მე მოვუწოდებ ყველას , რომ გაითვალისწინონ ის რაც მოხდა, არ არის ვაქცინის ბრალი ეს არის ჯანდაცვის სისტემის სრული კრახი და იმათი ბრალი ვინც დაგეგმა ვაქცინაციის პროგრამა სექტემბრიდან აქამდე. მოუმზადებელი იყო ქვეყანა. ახლაც არის მოუმზადებელი და ის, რომ აჭარაში შეაჩერეს ვაქცინაცია და მარტო აკეთებენ ბათუმში ამის დასტურია. რას ნიშნავს ეს? აუცილებლად ხალხი უნდა მომკვდარიყო? მსხვერპლი გვინდოდა? ეს დანაშაულია. უნდა იქნეს გამოკვლეული ვინაა დამნაშავე, სად არის დანაშაული, ყველაფერი უნდა იქნეს გამოკვლეული და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯილი. ჩვენი ერთადერთი გზა არის სწორი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაცია. არ დაგვავიწყდეს მესამე ტალღა იქნება აპრილში”, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ფხაკაძემ ჩვენთან საუბარში მწუხარება გამოთქვა ახალგაზრდა კოლეგის გარდაცვალებაზე და სამძიმარი გამოუცხადა როგორც ოჯახს, ისე ყველა მის კოლეგას. საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ის რედაქცია უერთდება სამძიმარს და წუხილს გამოთქვამს ახალგაზრდა მედდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.