გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოს და გურიის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გიორგი ხანიშვილი აღნიშნულ რეგიონებში აგრარული წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.
,,სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ყველა რესურსი მობილიზებულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.