ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.
„ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 500-მდე ღვინის საწარმო, აქედან 254 უკვე იყო ჩართული რთველის პროცესში.
გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.