10-12 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
"ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამას“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს და, სწორედ მის ფარგლებში, 2017 წელს, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სტატია და მეცნიერულად დადასტურდა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და უძველესი ღვინის ნაშთი არის ნაპოვნი სწორედ საქართველოში. თუმცა, ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სხვა ძალიან საინტერესო სამეცნიერო სამუშაოებიც. სწორედ ამ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გვექნება ამ ორი დღის განმავლობაში საუბარი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ დაიმკივდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე, ეს არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ჩვენი მეღვინეები იყენებენ მათ შემსყიდველებთან და მომხმარებელთან კომუნიკაციის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული ღვინის უნიკალურობას“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელიც კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა, მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხ.აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება.
კონფერენცია მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შეჯამებას და სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობას.