საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძვირფასო მეგობრებო, მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. თქვენ ივნისში იმყოფებოდით თბილისში და რამდენიმე კვირის შემდეგ მე ვარ თქვენი სტუმარი, როგორც დაგპირდით, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ ვარ თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ალმატიში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისა და სტუმარ-მასპინძლობისთვის.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც, რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ დერეფნის განვითარებისთვის.
ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ, და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც არის ახლა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
სამუშაო შეხვედრაზე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით და მოგესალმებით ყაზახეთში, ალმატიში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის და ძალიან კარგი ატმოსფეროსთვის ივნისში, თბილისში ჩემი ვიზიტის დროს. ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის.
ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა. სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი შეხვედრების ინტენსივობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისთვის ორმხრივ მზადყოფნას. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე. და ძალიან კარგია, რომ ექვსი თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს. ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზად არის, გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში“, – აღნიშნა ალიხან სმაილოვმა.