ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 4.1 პროცენტს შეადგენდა.
„2022 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 540.0 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 8.9 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 10.9 პროცენტიდან -7.2 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2022 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ 4.1 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი მეოთხე კარტალში კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 65.4 პროცენტით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად – 23.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 40.1 პროცენტით გაიზარდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 999.5 მლნ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45.7 პროცენტით აღემატება.
2022 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში – 356.5 მლნ აშშ დოლარი (-974.5 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება – 85.3 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 25.4 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 33.3 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში 948.2 მლნ აშშ დოლარს (2.6 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 41.6 პროცენტით გაიზარდა 873.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.4 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 66.4 პროცენტით შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეოთხე კვარტალში 218.6 მლნ აშშ დოლარი (597.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.9 პროცენტია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმი აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.