მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია -რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ხედვაა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა ქვეყანაში, რომლებიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება, რაც იცავს თავისუფლება აღკვეთილ პირთა უფლებებსა და მათ ღირსებას.
„ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომი ადეკვატური და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები.
ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებული დღეები, დიდი მადლობა “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.