გამოცემა Financial Times-ი რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად შავი ზღვის გავლით ინტერნეტის კაბელის გაყვანის ევროკავშირს გეგმის შესახებ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი გეგმავს გაიყვანოს წყალქვეშა ინტერნეტკაბელი საქართველოსთან კავშირის გასაუმჯობესებლად და რუსეთზე გამავალ კავშირგაბმულობის ხაზებზე დამოკიდებულების შესამცირებლად გლობალური მონაცემების გადამცემები ინფრასტრუქტურის მოწყვლადობასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების ფონზე.
„1 100 კილომეტრის სიგრძის, 45 მილიონი ევროს ღირებულების კაბელი დააკავშირებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კავკასიასთან შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით. ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია რეგიონის დამოკიდებულების შემცირება რუსეთზე ტრანზიტით გამავალ სახმელეთო ოპტიკურბოჭკოვან კავშირზე“, – წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირმა და თბილისმა საქართველოში ციფრული კავშირის გაუმჯობესებისთვის შავი ზღვის კაბელის საჭიროება 2021 წელს განსაზღვრეს, თუმცა უკრაინაში დაწყებულმა ომმა პროექტს დამატებითი ბიძგი მისცა.
„ინტერნეტკაბელების მიმართ ყურადღება ჯაშუშობასთან დაკავშირებული გლობალური შეშფოთების ფონზე გაიზარდა, რადგან ხმელეთზე გამავალი ხაზები და სადგურები დაუცველად ითვლება. ამასთან, გაზრდილია წყალქვეშა კაბელებსა და სხვა წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დივერსიების რისკი, რისი მიზეზიც გასული წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებები გახდა.
რუსეთი წარმოადგენს ერთ-ერთს მრავალ მარშრუტს შორის, რომლითაც ხდება ციფრული მონაცემების გადაცემა აზიასა და ევროპას შორის, აზიისა და კავკასიის ზოგიერთ ნაწილში კი ის არის კავშირის განუყოფელი ნაწილი, რაც პოლიტიკოსთან ნაწილის შეშფოთებას იწვევს რუსეთზე კავშირგაბმულობის სფეროში ზედმეტად დამოკიდებულების გამო“, – წერს გამოცემა.
ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ შავი ზღვის კაბელი არის მოწინავე პროექტი და ევროკავშირისთვის რეგიონული პრიორიტეტი.
შავი ზღვის კაბელის პროექტი არის ევროკომისიის „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივის ნაწილი. ის სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს პეკინის მიერ დაფინანსებული ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის (სარტყელისა და გზის ინიციატივა, ციფრული აბრეშუმის გზის ინიციატივას) ალტერნატივას. ევროპის საინვესტიციო ბანკმა შავ ზღვაში კაბელის გაყვანის პროექტზე 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის წინადადება წარადგინა.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან მონაცემთა გადაცემის გაუმჯობესება მთავარი პრიორიტეტია, ხოლო ბლოკის ინვესტიცია კაბელის პროექტში შეესაბამება „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მიზნებს.
ამასთან, როგორც Financial Times-ი წერს, შავ ზღვაში კაბელის გაყვანის შესაძლებლობას ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Vodafone-იც სწავლობს. პროექტი სახელწოდებით Kardessa დააკავშირებს უკრაინას ბულგარეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან, შემდეგ კი მიწისქვეშა კაბელით სომხეთთან, ყაზახეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან.