ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშილის თქმით, „საქართველოს მუშაობას თუ შევადარებთ, გატარებულ რეფორმებს, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა სტატუსი, რადგან ქვეყანამ ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე“.
„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. საქართველოს მუშაობას თუ შევადარებთ, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა. პრაქტიკა ჩვეულებრივ ასეა, სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასოცირებული ქვეყნები იყვნენ და შემდეგ იქცნენ კანდიდატის ქვეყნებად. როგორც ვთქვი, გავიგეთ ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიენიჭებინა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ის ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.