საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესახებ.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ევროპელი კოლეგებისთვის განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული.
„დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს რაც შეეხება, ეს იქნება პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რაზეც წლები ვმუშაობდით. ჩატარდა დეტალური კვლევა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება, თუმცა ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთსა და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა. ამ საკითხზე ვისაუბრებთ. გარდა ამისა, საუბარი გვექნება ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტზე. ევროპელი კოლეგებისთვის განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის, ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ. გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე და ბევრი ინფორმაცია უკვე შეგროვებულია. გამოიკვეთა პროექტის ტექნიკური მიზანშეწონილობა, ფაქტობრივად დადასტურებულია. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის ფინანსების მოზიდვასა და ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრებთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომელზეც რუმინელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რათა საქართველო და რუმინეთი დაუკავშირდეს, ეს იყოს ალტერნატიული, საიმედო არხი საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების დასაჩქარებლად. ამაზე საზოგადოებას ხშირად ვესაუბრებით ხოლმე. ალბათ ყველა ადამიანს რაც შეეხება, ეს არის ერთიან როუმინგულ კავშირში საქართველოს ჩართვა. აქაც დიდი პროგრესი გვაქვს და საუბარი გვექნება ევროპელ კოლეგებთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.