ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
ამასთან, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ ევროკავშირის შიდა კვლევაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ევროკავშირში მიღების შემთხვევაში, მომდევნო შვიდ წელიწადში კიევი დაახლოებით 186 მილიარდ ევროს მიიღებს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც გათვლილია ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და კიდევ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება, ნათქვამია, რომ ორგანიზაციის არსებული საბიუჯეტო კანონების შენარჩუნების შემთხვევაში, ცხრა ქვეყნის მიღება ევროკავშირის წევრებს 256 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.
ამავე გათვლებით, მნიშვნელოვნად შემცირდება სასოფლო-სამეურნეო სფეროს სუბსიდირება.
„ყველა წევრ ქვეყანას მოუწევს მეტის გადახდა და ნაკლების მიღება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ბევრი ქვეყანა, რომელიც ახლა ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიებს, გადაიქცევა კონტრიბუტორად და პირიქით, ევროკავშირის ბიუჯეტში თანხის შეტანა მოუწევს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტის დასკვნაში.
ამავე პროგნოზის მიხედვით, ცხრა ახალი წევრის დამატების შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტი გაიზრდება 21%-ით და 1,47 ტრილიონი ევრო იქნება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირის ლიდერები გაფართოების საკითხებზე პირველ დეტალურ მსჯელობას ხვალ გრანადაში დაგეგმილ შეხვედრაზე გამართავენ.