ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებამ ნამახვანჰესზე მედიაცია დასრულებულად გამოაცხადა.
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს „დავების მოგვარებისა და მოლაპარაკებების ცენტრმა 19 ნოემბერს გამოაქვეყნა მედიაციის შემაჯამებელი ანგარიში.
როგორც განცხადებაში წერია, „მედიაცია, როგორც დაგეგმილი იყო, 6 თვეს გაგრძელდა“. „მედიაცია დასრულდა არაერთი შეთანმხებითა და შემდგომი ნაბიჯებით“, – წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, „სექტემბრის ბოლოსთვის პროექტის განმახორციელებელმა, რომელმაც გადაწყიტა, რომ მედიაციაში მონაწილეობა არ მიეღო, ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი“.
მანამდე მცირე ხნით ადრე, 17 სექტემბერს, მედიაცია „რიონის ხეობის მცველებიმა“ დატოვეს და განაცხადეს, რომ მედიატორი, – ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე, – იხრებოდა საკითხის მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტისკენ.
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.
თუმცა ჯერჯერობით, ეკონომიკის მინისტრის ბოლო, 15 ნოემბრის, განცხადებით:
„თანაბრად განიხილება ახლა, ამ ეტაპზე, როგორც პროექტის გაგრძელება მათ [„ენკას“] მიერ, ასევე, მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მედიაციაში „რიონის ხეობის მცველებთან“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდა, აცხადებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ენერგო-გაერთიანების მოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დამოუკიდებელი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ სახელმწიფოსა და კომპანია “ენკა”-ს შორის დადებული ხელშეკრულებისა და ნამახვანჰესის პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტების კვალიფიციური შეფასება იყო, ეს სამწუხაროდ მიღწეული არ არის“.
„სამწუხაროა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების აღნიშნული ანგარიში პასუხგაუცემელს ტოვებს მთავარ შეკითხვას ნამახვანი ჰესის პროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, რაც უკვე წელიწადზე მეტია საზოგადოების წუხილი საგანია და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური მოძრაობის გაჩენის საბაბიც გახდა. ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების გარეშე დატოვება ისევ აჩენს რისკებს მთავრობის მხრიდან ამ პროექტის გარშემო სპეკულირებისა და თვითნებური გადაწყვეტილებების შესახებ“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაცია წერს, რომ მედიაციის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიაციის პროცესის შესახებ ალტერნატიულ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.