
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ათწლიან მაქსიმუმზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ ბოლო ერთ წელში 7.6%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.04 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1.896 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი წილი - 85% იმპორტზე მოდიოდა. ასე მაგალითად, 2025 წლის ხუთ თვეში ევროკავშირიდან 1.736 მილიარდი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით იმპორტი 2.8%%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირიდან 1.689 მილიარდი დოლარის იმპორტი განხორციელდა.
წელს ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგი 5 პროდუქციის იმპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებიდან:
მსუბუქი ავტომობილები - 289.59 მლნ დოლარის 4 510 ერთეული;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 192 მლნ დოლარის 242 ათასი ტონა;
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 128.8 მლნ დოლარის 1 391 ტონა;
სატვირთო ავტომობილები - 52.3 მლნ დოლარის 4 896 ერთეული;
სატელეფონო აპარატები - 28.03 მლნ დოლარის 71 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-მაისში წლიურად 59%-ით გაიზარდა, თუმცა წილი სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც დაბალია. მაგალითად, წელს თუ ევროკავშირში ექსპორტზე გავიდა 267.02 მლნ დოლარის ქართული წარმოების პროდუქტი, წინა წლის იმავე პერიოდში ექსპორტრებული იყო 167.92 მლნ დოლარის.
2025 წლის იანვარ-მაისში შემდეგი 5 ძირითადი პროდუქცია გავიდა ევროკავშირში ადგილობრივ ექსპორტზე:
ძვირფასი ლითონის მადნები - 36.4 მლნ დოლარის 10 533 ტონა;
ფეროშენადნობები - 34.75 მლნ დოლარის 33 171 ტონა;
სპილენძის მადნები - 33.29 მლნ დოლარის 14 563 ტონა;
თხილი და სხვა კაკალი - 26.3 მლნ დოლარის 3 405 ტონა;
სასუქები მინერალური ან ქიმიური - 24.32 მლნ დოლარის 85 382 ტონა.