ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საბჭომ, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ-ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების საკითხები განიხილა.
EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტიც. ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.
წყარო: BMG