global distribution
ავერსი გარე ავეჯი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ მზარდი ინფლაციის ფონზე შეიცვალა ინფლაციის წლიური პროგნოზი და ამჟამად მოელის, რომ 2025 წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წელს ის 3.5%-მდე შემცირდება. 

სების წინა პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია 3.8% უნდა ყოფილიყო, ხოლო 2026 წელს კი ის 3.1%-მდე შემცირდებოდა.

"2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო, სურსათის გამორიცხვით ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.4 პროცენტი შეადგინა. ასევე, მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს, 2.5 პროცენტის ფარგლებში, შენარჩუნდა. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ დაბალია (0 პროცენტი), დიდწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ინფლაციის (მეტწილად, სურსათის) ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს საყურადღებოს ტოვებს.

სების განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2025-2026 წლებში მცირედით ზემოთ გადაიხედა, რაც, მეტწილად, სურსათის მაღალმა ინფლაციამ განაპირობა. მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

 

BMG 

89