global distribution
გარე ავეჯი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

სებ-ი მიუთითებს, რომ 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ და არ იკვეთება რაიმე ახალი ან დამატებითი რისკები, რაც ბუფერის ცვლილების საჭიროებას დააყენებდა დღის წესრიგში.

"2025 წლის აგვისტოში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. მეორე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი უარყოფითია. 2025 წლის პირველ ნახევარში არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გაკეთებული. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსური სექტორის მახასიათებლებისა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტების მიმოხილვას, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.

59