ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 43.6%-ით, ანუ 219.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 61.76 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია – 42.57 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 41.72 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.22 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.24 მილიონი აშშ დოლარით.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 84.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.