დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება.
„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ. N1;
• ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.