ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.
მინისტრმა დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
მისივე თქმით, იაპონიის მხარესთან მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და მაღალტექნოლოგიური ონკოლოგიური სერვისების დანერგვაა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და საელჩოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის. მინდა გამოვყო იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩოსა და სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით მომზადდა საგრანტო განაცხადი/საჭიროებების კვლევა 2 მილიონიან პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული გრანტის მიღების შემთხვევაში მოგვეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობის გაძლიერების შესაძლებლობა.
ასევე მინდა აღვნიშნო ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის ფარგლებში იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დეფიბრილატორებისა (110 ერთეული) და ელექტრო კარდიოგრაფების (155 ერთეული) შეძენას”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში იაპონიის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩომ საგანგებო სიტუაციების ცენტრს მაღალი გამავლობის 4 რეანიმობილი გადასცა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.