მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ვინაიდან ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული, გამორიცხული არაა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს.
„შესაბამისად, საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს. ასევე, მოლაპარაკებები დაწყებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც „მოდერნას“ ვაქცინასთან დაკავშირებით კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან ასევე აღნიშნა რომ, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთანაც. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც, რომელიც ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ პოპულარული გახდეს.
„ასევე, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, დამატებით „ფაიზერის“ შემოტანის საშუალება გამოიკვეთოს. ასევე, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც როგორც იცით, არის ერთდოზიანი და შესაძლოა, ესეც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის არჩევანს განაპირობებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.