ჩვენ ვინარჩუნებთ მიზიდულობას რეგიონში სტაბილურობიდან გამომდინარე. გვაქვს საკმაოდ კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს გეოგრაფიულადაც ხელსაყრელი მდებარეობა უკავია, ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ ინვესტორებთან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, – ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის Bloomberg Media Studio-ს კვლევა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა მოიყვანა „საქსტატის“ მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 900 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ეს მონაცემი პანდემიანდელ მაჩვენებელზე მეტია, 2021 წლისას კი 60 პროცენტით აღემატება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40 პროცენტზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სამინისტროს ცნობით, კვლევის თანახმად, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბიუჯეტები მდგრადი რჩება. გლობალური ინვესტორების 57% გამოყოფს საშუალოდ 50 მილიონ დოლარზე მეტს თითოეული საინვესტიციო პროექტისთვის. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის – მათგან 23% ცალკეული პროექტისთვის 200 მილიონამდე დოლარს განიხილავს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წინასწარი მონაცემები რეალურ საინვესტიციო პროექტებად იქცევა. ჩვენ გვინდა ხარისხიანი ინვესტიციები. საშუალო ცნობილი კომპანიები საქართველოში კარგად არიან წარმოდგენილი, მათ შორის, ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებმაც მიმდინარე წელს საქართველოში დაიწყეს ოპერირება,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ესპანურ კომპანიაზე „აკვალეა“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2022 წლის დასაწყისში შემოვიდა. „სწორედ ესაა ზუსტად ის ინსტიტუციური ინვესტორი, რომელსაც ფინანსური რესურსის გარდა მოაქვს გამოცდილება, ცოდნა, კვალიფიკაცია ჩვენს ეკონომიკაში და გადამდები ეფექტი გააჩნია,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ Bloomberg Media – ის არხებით კვლევის შედეგების გავრცელებით საქართველოში კაპიტალის განთავსებით უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Bloomberg Media Studio-ს კვლევა აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში. დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს. ამასთან, კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის თანახმად, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.