აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება, გაზარდონ წარმოება და გამოიყენონ თავიანთი რეკორდული შემოსავალი ამერიკელებისთვის ხარჯების შესამცირებლად ან გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა მსხვილი ნავთობკომპანიები, რომლებიც დიდ შემოსავალს იღებენ მაშინ, როდესაც ინფლაციით დაზარალებული ამერიკელები ავტმობილების გასამართად მსხვილ თანხას იხდიან.
ბაიდენის თქმით, ნავთობინდუსტრიამ არ შეასრულა ამერიკაში ინვესტირებისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულებები. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ იღებენ „სამართლიან სარგებელს“, არამედ იღებენ იმდენად მაღალ შემოსავალს, რომ რთულია ამის დაჯერება.
„მათი შემოსავალი არის ომის შედეგად მიღებული მოულოდნელი სარგებელი“, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, კომპანიები იღებენ შემოსავალს იმ კონფლიქტისგან, რომელიც უკრაინას ანადგურებს და მათ ეკისრებათ მოქმედების პასუხისმგებლობა.
„ვფიქრობ, ეს აღმაშფოთებელია“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ჯო ბაიდენის თქმით, თუკი ნავთობისა და გაზის კომპანიები ამ მოგებას მომხმარებლებს გადასცემენ, საწვავის ფასი დაახლოებით 50 ცენტით შემცირდება.
„ისინი ამას თუ არ იზამენ, გადაიხდიან უფრო მაღალ გადასახადს თავიანთი ჭარბი მოგებისთვის და სხვა შეზღუდვების წინაშე დადგებიან. დროა, ამ კომპანიებმა შეწყვიტონ ომისგან სარგებლის მიღება“, – განაცახდა ჯო ბაიდენმა.
ეს განცხადება ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა, რა დროსაც ამორჩევლები გადაწყვეტენ, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში.