ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზოგადად, შემცირდება თუ არა საქართველოში საწვავის ფასი, ეს საერთაშირისო ბაზარზე ნავთობის ფასზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, მსოფლიო ბაზრის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის ფასზე კლების ტენდენციის გაგრძელების მოლოდინი აქვთ.
„ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად, საერთაშირისო ბაზარზე ნავთობის ფასზე ვართ დამოკიდებული. დინამიკას თუ შევხედავთ, ივნისის შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასი. შესაბამისად, ეს აისახება საქართველოში საწვავის ფასზეც. ომამდე რაც იყო ნავთობის ფასი, დაახლოებით იმ მოცემულობაზეა ჩამოსული. დაახლოებით 25%-ზე მეტია შემცირების მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენთან საწვავის ფასზეც.
ამ ეტაპზე არ არის მოლოდინები, რომ მსოფლიო ბაზარზე კვლავ მოხდეს საწვავის ფასის ზრდა. შესაბამისად, საწვავის ფასს კვლავ კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს და ჩვენს საწვავის ფასზეც სრულად აისახოს საერთაშორისო ბაზრის მაჩვენებლები. შესაბამისად, ჩვენ საწვავის ფასის ზრდას ნამდვილად არ ველოდებით. ველოდებით კლებითი ტენდენციის გაგრძელებას. დღეს საერთაშორისო ბაზარზე რა პროგნოზებიცაა, იმის მიხედვით ნავთობის ფასის ზრდის მოლოდინი არ დგას. შესაბამისად, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს და ჩამოვიდეს იმ ნიშნულზე, რაც ადეკვატური იქნება ნავთობის დღევანდელ ფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.