სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 1.3-პროცენტიანი კლება.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, ფასები 1.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -1.1 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-8.5 პროცენტი) და სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე (-0.8 პროცენტი).
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ფასების 0.9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 4.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (5.3 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -1.3 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-18.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-18.5 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.14 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.