ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ევროკომისარმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 2016 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ; გამომუშავება კი 84.1 მლნ. კვტ/სთ-ს შეადგენს. ის რეგიონში პირველი ამ ტიპის პროექტია.
მხარეების მიერ როგორც შეხვედრისას, ისე პრესკონფერენციაზე ხაზგასმულ იქნა, რომ განახლებადი ენერგიების განვითარების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებაა და მომავალშიც გაგრძელდება კონკრეტული პროექტების სახით.
კადრი სიმსონმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია და საჭირო საქართველოში განახლებადი ენერგიების სექტორში, კერძოდ კი, ქარისა და მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ხორციელდებოდეს.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.